თუთის ხის მიმდევრები
წმინდების მხარეს მზის ჩასვლის მერე კაციშვილის ჭაჭანება აღარ იყო.
მუდმივად ტალახიან, გუბეებიან და ჭანჭრობიან ადგილზე იდგა თუთის მხარგანიერი, ცასაწვდენილი ხე.
იდგა მედიდური და იმედისმომცემიც, რაღაცნაირად. მოდიოდნენ სოფლის დედაბრები,
კუბოკრულ შალების ფოჩებიან ბოლოებში შეყუჟულები და იდგნენ, როგორც გარდასული ხანის რელიქვიები, იდგნენ თუთის ხის ძირას
და თან გაუჩერებლად ბუტბუტებდნენ.
ხეების
სწამდათ. ეხვეოდნენ, მუხლისჩოქვით უვლიდნენ გარშემო, უმღერდნენ და სთხოვდნენ. დედაბრების
ლოცვა ბავშვურად, გულუბრყვილოდ ისმოდა ყანების ბოლოს ან ვენახის თავში მოფუსფუსე ბერიკაცების ხსოვნაში.
- - შენ მოგვეც შენდობაო,
შენ მოგვეც ცხონებაო - დაიცა დედაკაცებო, სად გეჩქარებათ - ხითხითებდნენ საფერავით
შეთამამებული ბერიკაცები უკბილო პირებით.
წმინდა
ხეები რამდენიმე ადგილას იდგნენ. მუხებიც, კაკლებიც, მურყნებიც....
იყო და არა იყო რა და ერთი შაშვი მგალობელი კი ისევ არის, მაგრამ დეკემბრის ბურუსში გაქრნენ კუბოკრულ, ჭრელაჭრულა შალებში გახვეული დედაბრები,
სანთლისა და საკმევლის სურნელიც გაილია,
ვენახის
ბოლოს საფრთხობელებს ზარებიღა შემორჩათ, ბერიკაცები ვაზის ძირებმა შეიფარეს და ყოვლისშემძლე
და მრავლისმნახველმა ხეებმაც ფესვები ამოიძირკვეს.
Comments
Post a Comment