Posts

Showing posts from January, 2024

უცხოების შობა

  აი, ეგეთი დღეებს ნაცრისფერ საღამოებს, ნაახალწლევს, როცა შობის ღამის წინა დღეებია და უცხო სიჩუმე ედება ღობისძირებს მიკუნჭულ შარშანდელ ფოთლებს, აი, ეგეთ სევდიან, ჩავლილ დღესასწაულებისას მახსენდება ხოლმე ორი ადამიანი, სოფლის ორი გიჟი, როგორ მიდიან ბორიას მამის თედოს ქელეხიდან გამოსულები, ნასვამები და ხელგადახვეულები, როგორა ჰყავს გულისკენ მიზიდული ჯაგიაანთ ანზორა გიჟ შოთას და რაღაცნაირი კმაყოფილებით მიდის ორი გიჟი სოფლის ორღობეში, როგორც ნამდვილი ადამიანები, როგორც სოფლის წესია და რიგი. სულ ეგენი მიდგანან თვალწინ, მე ხო ვდგავარ ჩვენი ეზოს გალავნის ძირას პაპაჩემის დარგულ თუთის ძირში პირდაფჩენილი და მოიხედავს უეცრად გიჟი შოთა და ისე, რომ ანზორამ ვერ დაინახოს, ხელს არ ამიწევს?! თან ისე მიცინის, ეგე, ნახეო, ჩვენცაო... გიჟი შოთა ჭკვიანიც იყო. სოფლის სიგიჟეებს ფეხი აუბა. სტალინის ეპოქის სოფელში საფლავებზე გატანილ წითელ კვერცხებსა და პასკებს, ხელად მოუსვავდა ხელს და მოფარებულში შეზიდავდა. უხაროდა ჭირისუფალსაც, აბა, ჩვენი გაგორებული კვერცხი ვინ ნახაო, აბა, განა არ გაგვიტანია პასკა საფლავებზ...

რაქელ

Image
  რაქელ რუსუდან ბებოს ბეთლემში ღამეა. გამოქვაბულის თავს ვარსკვლავი წერტილად ასვია. სოფელში მამლები ყივილით აფრთხობენ განთიადს - შუაცეცხლს, ნაკვერჩხლის გულს ღადრავს, იერემია. ცხრა თვეა, ვაჟიშვილს ფეხდაფეხ დავყავარ. დოქიდან გობში წყალსა ღვრის, თვალებით მკარნახობს - ვითომდა, ეს ორნი, ქვაბულს რომ დასახლდნენ.. ამ უცხო მოგზაურთ ბაგაში ღმერთივით ჩვილი ყავთ. ვითომდა, წყალს უთხარ. წაიღებს, წაიღებს. ქარსაც კი გაატანს, წყალია. ვითომდა, ყრმათა და ვაიმე, იერემია. ჯერ სისხლად წამომყვა ტკივილებს, კივილი ამ სიზმრის ბრალია და მერე, ტირილით, ჰაერი ჩაყლაპა ბაიამ. სიზმარი, სიზმარი აცხადდა. ვაჟია. შვიდი. სახელი. ქვაბულთან, შავ-შავი კაცები ჩამოყვნენ აქლემებს სოფელში, ძაღლები უყეფენ - რაღაცა ამბავი მოხდება. მხედრიონს ამ გზაზე რა უნდა? პატარას რძე უყვარს. ხის გობით მდინარეს ჩავყვები, საფენებს გავავლებ. ცხენოსნებს სოფელში რა უნდათ? პატარას რძე უყვარს. ტოტებს სწევს ნაძვის ხე - წავიდნენ. მარიამ, მარიამ, მარიამ. მე მქვია. პირველი შვილია. ვითომდა, გზაშია იერემია. 2009.01.07