უცხოების შობა

 აი, ეგეთი დღეებს ნაცრისფერ საღამოებს, ნაახალწლევს, როცა შობის ღამის წინა დღეებია და უცხო სიჩუმე ედება ღობისძირებს მიკუნჭულ შარშანდელ ფოთლებს, აი, ეგეთ სევდიან, ჩავლილ დღესასწაულებისას მახსენდება ხოლმე ორი ადამიანი, სოფლის ორი გიჟი, როგორ მიდიან ბორიას მამის თედოს ქელეხიდან გამოსულები, ნასვამები და ხელგადახვეულები, როგორა ჰყავს გულისკენ მიზიდული ჯაგიაანთ ანზორა გიჟ შოთას და რაღაცნაირი კმაყოფილებით მიდის ორი გიჟი სოფლის ორღობეში, როგორც ნამდვილი ადამიანები, როგორც სოფლის წესია და რიგი. სულ ეგენი მიდგანან თვალწინ, მე ხო ვდგავარ ჩვენი ეზოს გალავნის ძირას პაპაჩემის დარგულ თუთის ძირში პირდაფჩენილი და მოიხედავს უეცრად გიჟი შოთა და ისე, რომ ანზორამ ვერ დაინახოს, ხელს არ ამიწევს?! თან ისე მიცინის, ეგე, ნახეო, ჩვენცაო...

გიჟი შოთა ჭკვიანიც იყო. სოფლის სიგიჟეებს ფეხი აუბა. სტალინის ეპოქის სოფელში საფლავებზე გატანილ წითელ კვერცხებსა და პასკებს, ხელად მოუსვავდა ხელს და მოფარებულში შეზიდავდა. უხაროდა ჭირისუფალსაც, აბა, ჩვენი გაგორებული კვერცხი ვინ ნახაო, აბა, განა არ გაგვიტანია პასკა საფლავებზეო?!
მერე ეკლესიაში ძილს შეეჩვია, იჯდა ხოლმე კარის უკან, დიდ ქვევრში. იმან იცოდა მთელი სოფლის დედაკაცების ამბები. ფულსა და კანფეტებს რომ უტოვებდნენ ხოლმე იესო ქრისტეს და მარიამს, დედას ღვთისასას. იცოდა, ბეხრეწაანების დედაბრის ჩივილებისა: ჩემ რძალს ღღმერთო, ყელი აატკივე, იგრე რო დაუჩიქრდეს და ვეღარ იმღეროს, სადილი დაუმლაშდეს, რომ ქმარმა ბრახვანი გაადინოს იმ ცეტიან თავშიო, რა ამღერებს, ქა, ვიშ, რა ამღერებსო... იცოდა ქვრივად დარჩენილი წითელაანთ ნათელას ამბავიც, მოკუნტული იდგა იესო ქრისტეს ხატთან, გოგოები დარჩენოდა ობლად, ორი შავტუხა, გამურული გოგო, სულ რომ მამა გვინდას გაიძახოდნენ. - იესო ქრისტე, მამაცილე იმ რეგვენი მეზობელი რუბენას თვალებიო, იმის შიშით თეთრეული ვერ გამიკიდია თოკზეო და ვერ წავხრივარ წყალთან, ბალღებ საფენები დავურეცხოო... ეს ამბები გიჟმა შოთამ სამარეში წაიღო, თუმცა როცა გაუგეს როგორ იმალებოდა დიდ ქვევრში, როგორ ასუფთავებდა კანდელს ფულებისგან და კანფეტებისგან, გაუწყრნენ, მაგრამ ის ქალები, საყდარში რომ სალოცავად დადიოდნენ, პურს აჭმევდნენ ხოლმე. დაინახავდნენ გზაზე მორბენალს, დაუძახებდნენ და თითო თიხის ჯამ ლობიოს დაუდგამდნენ, ერთი გატკიცული შოთი პურითა და პამინდვრის მწნილებით.
ჯაგიაანთ ანზორა კი, ნერვიულობდა როცა ბალღები სკოლიდან გამოსულები გზად შემხვედრს დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ. ბრაზსიგან პარალიჩი ეწყებოდა და ჩავარდებოდა ხოლმე ღელეში, ელუმპებოდა ვიღაცის ნაჩუქარი სამხედრო დიდი ფარაჯა და ჩექმები და იდგა ეგრე სველი... შეშის მჩეხავად დაჰყავდათ, ჭამდა ჩუმად, მორიდებით სათონესთან გაშლილ სუფრასთან, სახლში არ შევიდოდა ცოცხალი თავით.
ერთხელ გიჟმა შოთამ კარგ თვალზე შეხედა. ის ქვასროლია ბალღებიც დაუფრინა და თან ასწავლიდა რომ განა ეს სოფელი ჩვენზე ჭკვიანიაო, გიჟები არიან ანზორ, ესენი ჩვენზე მეტად გიჟები არიანო.. ჰოდა, იმის მერე ჯაგიაანთ ანზორას ეპატრონებოდა, წითელ კვერცხებსაც მიუგორებდა ხოლმე.
მე კი ამ დიდ დღესასწაულებში, როცა მოახლოვდება ხოლმე შობის წინა ღამეები და მყუდროვდება ცა და დედამიწა, ვდგავარ ხოლმე და ვხედავ, როგორ გამოდიან ბორიასს მამის თედოს ქელეხიდან ჯაგიაანთ ანზორა და გიჟი შოთა, გადაუხვევიათ კაცურას ხელები და სანამ თვალს მიეფარებიან, გიჟი შოთა პირმცინარი გამომხედავს, ისე, რომ ანზორამ არ დაინახოს და ხელს ამიწევს... პატარა ბიჭებს ჰგავდნენ, ფეხბურთის სათამაშოდ გაპარულებს, სოფლის ბოლოს, სასაფლაოს მოედანზე.

Comments

Popular posts from this blog

თუთის ხის მიმდევრები