Posts

უცხოების შობა

  აი, ეგეთი დღეებს ნაცრისფერ საღამოებს, ნაახალწლევს, როცა შობის ღამის წინა დღეებია და უცხო სიჩუმე ედება ღობისძირებს მიკუნჭულ შარშანდელ ფოთლებს, აი, ეგეთ სევდიან, ჩავლილ დღესასწაულებისას მახსენდება ხოლმე ორი ადამიანი, სოფლის ორი გიჟი, როგორ მიდიან ბორიას მამის თედოს ქელეხიდან გამოსულები, ნასვამები და ხელგადახვეულები, როგორა ჰყავს გულისკენ მიზიდული ჯაგიაანთ ანზორა გიჟ შოთას და რაღაცნაირი კმაყოფილებით მიდის ორი გიჟი სოფლის ორღობეში, როგორც ნამდვილი ადამიანები, როგორც სოფლის წესია და რიგი. სულ ეგენი მიდგანან თვალწინ, მე ხო ვდგავარ ჩვენი ეზოს გალავნის ძირას პაპაჩემის დარგულ თუთის ძირში პირდაფჩენილი და მოიხედავს უეცრად გიჟი შოთა და ისე, რომ ანზორამ ვერ დაინახოს, ხელს არ ამიწევს?! თან ისე მიცინის, ეგე, ნახეო, ჩვენცაო... გიჟი შოთა ჭკვიანიც იყო. სოფლის სიგიჟეებს ფეხი აუბა. სტალინის ეპოქის სოფელში საფლავებზე გატანილ წითელ კვერცხებსა და პასკებს, ხელად მოუსვავდა ხელს და მოფარებულში შეზიდავდა. უხაროდა ჭირისუფალსაც, აბა, ჩვენი გაგორებული კვერცხი ვინ ნახაო, აბა, განა არ გაგვიტანია პასკა საფლავებზეო?!

რაქელ

Image
  რაქელ რუსუდან ბებოს ბეთლემში ღამეა. გამოქვაბულის თავს ვარსკვლავი წერტილად ასვია. სოფელში მამლები ყივილით აფრთხობენ განთიადს - შუაცეცხლს, ნაკვერჩხლის გულს ღადრავს, იერემია. ცხრა თვეა, ვაჟიშვილს ფეხდაფეხ დავყავარ. დოქიდან გობში წყალსა ღვრის, თვალებით მკარნახობს - ვითომდა, ეს ორნი, ქვაბულს რომ დასახლდნენ.. ამ უცხო მოგზაურთ ბაგაში ღმერთივით ჩვილი ყავთ. ვითომდა, წყალს უთხარ. წაიღებს, წაიღებს. ქარსაც კი გაატანს, წყალია. ვითომდა, ყრმათა და ვაიმე, იერემია. ჯერ სისხლად წამომყვა ტკივილებს, კივილი ამ სიზმრის ბრალია და მერე, ტირილით, ჰაერი ჩაყლაპა ბაიამ. სიზმარი, სიზმარი აცხადდა. ვაჟია. შვიდი. სახელი. ქვაბულთან, შავ-შავი კაცები ჩამოყვნენ აქლემებს სოფელში, ძაღლები უყეფენ - რაღაცა ამბავი მოხდება. მხედრიონს ამ გზაზე რა უნდა? პატარას რძე უყვარს. ხის გობით მდინარეს ჩავყვები, საფენებს გავავლებ. ცხენოსნებს სოფელში რა უნდათ? პატარას რძე უყვარს. ტოტებს სწევს ნაძვის ხე - წავიდნენ. მარიამ, მარიამ, მარიამ. მე მქვია. პირველი შვილია. ვითომდა, გზაშია იერემია. 2009.01.07

თოვლის ლეოპარდები

Image
" არ ვიცი ვის დავურეკო . არავინ მახსოვს ".   Forever Tango - A Evaristo Carriego - Carlos Gavito & Marcela Duran თამაზ ბაძაღუას წარმოიდგინე ?! წარმოიდგინე , რა ამბავია , დიდი ხნის მერე , დიდი ხნის შემდეგ : თავს აღწევს დახრუკულ სიბნელეს , გამთენიას ამოდის აწურული სხეულით , თითქოს ემალებოდეს ვინმეს , რომ თავიდან დაუძვრეს . კიდევაც იცოდეს შენსკენ გადმოხრილმა - მწვანე კუნძულზე , დამლაშებულ შავი ზღვის სიახლოვეს , რა მშვიდად გძინავს მომღიმარს , გადამწიფებულ ფორთოხალივით ქალთან . წარმოიდგინე , წარმოიდგინე ?! როგორ მოირწევა ხავსიან სამოსით , თოვლის ლეოპარდები ახატია მწვანე კაბის საზურგეს . თავდაღწეული ლაბირინთის ფსკერს , დიდი ხნის მერეღა , თითქოს შეხვედრამდე , ის უკვე მიხვდა - თუნდაც , რომ უკან არ მოეხედა , ან უფრო ადრე გამოპარვოდა მინოტავრის ჯავშნიან გონებას , სხვადასხვა განზომილებაში დავრჩებოდით - ო , სხვისად .   ასევე , ის ამბავია , რომ .. გოგ

1929 წელი. კარდენახელი ბებო რთველში.

Image
  1929 წელი. კარდენახელი ბებო რთველში.

ნუგზარ შატაიძე - ვენახის ანგელოზები

ახალშეწამლული, ჯერ ისევ სველი ვაზი მზეზე სხივის. ძირს დაშვებულ, სისველისაგან დამძიმებულ ფოთოლს შაბიამნის წვეთები სცვივა და ფხვიერ მიწაშიიჟონება. სიჩუმეს მხოლოდ მათი ტკაპატკუპის ხმა არღვევს. უეცრად იმ ხმას წყლის თქაფუნი შეერევა: წელზევით შიშველი, შაბიამნის ხსნარით თავპირშეღებილი გოგია საგუბართან წაკუზულა და ხელებს იბანს. წყალსპირზეც რომ შეისხამს და სახეს ჩამოიბანს, მაშინღა გამოჩნდება, რომ შუახნის გამხდარი, სქელულვაშა, ოდნავ შემელოტებული კაცი ყოფილა. კარგად რომ გაიღვრიჭება, შესაწამლი აპარატისთვის მაშინღა მოიცლის: გარეცხავს, გააჩახჩახებს, მილებსაც დაშლის და საგულდაგულოდ გააკრიალებს. ბოლოსაპარატის ნაწილებს გასაშრობად ყორეზე ჩამოამწკრივებს, შაბიამნით გათხუნულ პერანგს აიღებს და ქოხისკენ გასწევს. მოკრიალებულ ცაზე ცხრათვალა მზე ღუდღუდებს. მზვარეზე ჩაფენილ, ლურჯად დაფერილ სველ ვენახს თხელი, სიფრიფანა ორთქლი ასდის. შორიდან გუგული იძახის. თავდავიწყებით უსტვენს ვერცხლისფერ ფშატზე შემომჯდარი შაშვიც. გოგია ქოხში გამართულ ხის ტახტზე ზის, ტანზე სუფთა პერანგი აცვია, ზურგით კედელს მისწოლია და

თუთის ხის მიმდევრები

Image
  წმინდების მხარეს მზის ჩასვლის მერე კაციშვილის ჭაჭანება აღარ იყო. მუდმივად ტალახიან, გუბეებიან და ჭანჭრობიან ადგილზე იდგა თუთის მხარგანიერი, ცასაწვდენილი ხე.  იდგა მედიდური და იმედისმომცემიც, რაღაცნაირად. მოდიოდნენ სოფლის დედაბრები, კუბოკრულ შალების ფოჩებიან  ბოლოებში შეყუჟულები და იდგნენ, როგორც გარდასული ხანის რელიქვიები, იდგნენ თუთის ხის ძირას და თან გაუჩერებლად ბუტბუტებდნენ. ხეების სწამდათ. ეხვეოდნენ, მუხლისჩოქვით უვლიდნენ გარშემო, უმღერდნენ და სთხოვდნენ. დედაბრების ლოცვა ბავშვურად, გულუბრყვილოდ ისმოდა ყანების ბოლოს ან ვენახის თავში მოფუსფუსე ბერიკაცების ხსოვნაში. -        -  შენ მოგვეც შენდობაო, შენ მოგვეც ცხონებაო - დაიცა დედაკაცებო, სად გეჩქარებათ - ხითხითებდნენ საფერავით შეთამამებული ბერიკაცები უკბილო პირებით. წმინდა ხეები რამდენიმე ადგილას იდგნენ. მუხებიც, კაკლებიც, მურყნებიც.... იყო და არა იყო რა და ერთი შაშვი მგალობელი კი ისევ არის, მაგრამ დეკემბრის ბურუსში გაქრნენ კუბოკრულ, ჭრელაჭრულა შალებში გახვეული დედაბრები,  სანთლისა და საკმევლის სურნელიც გაილია,  ვენახის ბო